თამაზ ბორაშვილი: ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება. ამ მიმართულებით, საქმიანობის ფარგლებში, აღიკვეთა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა
ასევე, ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით, საქმიანობის ფარგლებში, აღიკვეთა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა, გამოვლინდა სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივების მცდელობები, რომელთა პრევენციის მიზნით გატარდა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ფარული მოქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები.
2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა სხვადასხვა სიმძიმის 177 კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტზე, მათ შორის გამოვლინდა და აღმოიფხვრა 14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელთა უმრავლესობაში გამოიკვეთა უცხოური სპეციალური სამსახურების და მათთან დაკავშირებული კიბერ-კრიმინალების ინტერესები“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.



