ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა, ჯამში 181 400 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.