სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს მალულად მოთავსებული, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 19-262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაცას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



