სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ა(ა)იპ „აგროსევისცენტრი“ ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარგავი მასალის წარმოების ჩამოყალიბების პროცესში კომპლექსურ მხარდაჭერას უწევდა. თანამშრომლობა მოიცავდა სანერგე მეურნეობის არსებული მდგომარეობის შეფასებას, განვითარების საგზაო რუკის შემუშავებას, ინფრასტრუქტურის მოწყობის რეკომენდაციებსა და სერტიფიცირებისთვის საჭირო მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის მონაწილეობით, ეროვნულ კატალოგში დარეგისტრირდა ციტრუსოვანი კულტურების 15 ჯიში. სანერგე მეურნეობას ასევე გაეწია კონსულტაციები ჯიშობრივი აღწერილობების მომზადების, წარმოების ჩანაწერებისა და სარგავი მასალის მიკვლევადობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების კონტროლის მიზნით, ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში სადედე მცენარეებიდან აღებული 188 ნიმუში ხუთ სავარაუდო ვირუსულ დაავადებაზე გამოიკვლიეს. კვლევები ჩატარდა რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (Real-Time PCR) მეთოდით. გამოკვლეულ ნიმუშებში არცერთი აღნიშნული ვირუსული ინფექცია არ გამოვლენილა.

ცენტრის სპეციალისტების მიერ გაწეული მხარდაჭერისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად, სანერგე მეურნეობაში წარმოებულ ციტრუსოვანთა სარგავ მასალაზე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცა.

ჩაქვის სანერგე მეურნეობის არსებობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის, რადგან ქმნის ადგილობრივი ფერმერების ხარისხიანი, ჯიშურად სუფთა და ჯანმრთელი სარგავი მასალით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ეს ხელს შეუწყობს ციტრუსის ბაღების განახლებას, ახალი ნარგაობის გაშენებასა და რეგიონში ციტრუსის წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას.