პროკურატურამ მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დაზარალებულების კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ასევე თანხის გადახდის დაპირებით, მოტყუებით დაეუფლა 29 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ბრალდებულის ქმედებების შედეგად, დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.



