შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხზე: რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია

შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხზე: რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია

რაც შეეხება ღვინის რამდენიმე კომპანიის შეზღუდვას, ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა დიალოგს აწარმოებს იმისთვის, რომ გაირკვეს, რა პრეტენზიები იყო და თუ ეს პრეტენზიები საფუძვლიანია, აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან რუსეთის მიერ ღვინის რამდენიმე ქართული კომპანიის მიმართ შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მინსკში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრამდე თბილისში რუსულ სანქციებზე რუსეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა იური ბალაშოვმა ილაპარაკა და მანამდე ის დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად გამოჩნდა, პაპუაშვილმა უპასუხა:

„ფარცხალაძე არა თუ დასანქცირებული, ის არის მსჯავრდებული ადამიანის მკვლელობის საქმეში საქართველოს მიერ. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ საუბრობს რუსეთის თუ რუსეთის ბიზნესის სახელით, ეს არის რუსეთის და მათი ბიზნესის გადასაწყვეტი. ასე თუ შევხედავთ, რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია”.

ასევე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გალუზინთან შეხვედრაზე წარმოჩენილ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ გიორგი ზურაბაშვილმა დაიწყო და მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემებზე არ საუბრობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აჩვენებდა.

„ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე. ჩვენ რა დამოკიდებულებაც გვაქვს ბრიუსელთან, ისეთივე დამოკიდებულებას ვაჩვენებთ მოსკოვს - რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და გვაქვს მხოლოდ ერთი პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დიალოგი ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ეს არის სამართლიანობა. ასე რომ, ამ განწყობით და ამ პრინციპებზე დაყრდნობით შედგა ეს პირველი შეხვედრა [ზურაბაშვილი-გალუზინის]. სამწუხაროდ, ის პრეტენზიები და წინადადებები, რაც იყო წამოყენებული, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რამდენად სამართლიანი არის მიდგომები მეორე მხრიდან და რა ქვეტექსტებია ამ წინადადებებსა და იდეებს მიღმა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.