შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას. ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, 2003-2012 წლებში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რუსული რეჟიმი გვყოლია
შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შესახებ გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავდა.
„მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას. ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ 2003 წელს ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი. აგერ, პირდაპირ დაუნიშნია ისინი ივანოვს. შეხვედრაზე უთხრა, შენ იქნები პრეზიდენტიო, შენ იქნები პრემიერ-მინისტრიო, შენ იქნები პარლამენტის თავმჯდომარეო. ასე რომ, 2003-2012 წლებში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რუსული რეჟიმი გვყოლია“, - აცხადებს პაპუაშვილი.
„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.



