ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

რეზოლუციას მხარი 441-მა დეპუტატმა დაუჭირა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძე ცნობილი საოპერო მომღერალი და სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ და ევროპულ კულტურაში.

ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ ბურჭულაძის საქმე არის რუსეთის გავლენის ზრდა და დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემური შეზღუდვა.

ევროდეპუტატები კვლავ ე.წ. „სინდისის ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვენ.

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის დაკავებას; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“.

დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „წუხს, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ არ მოსთხოვა პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის არიან პასუხისმგებელნი“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზანმიმართული სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აგრეთვე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.