შალვა პაპუაშვილი: რუსეთთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობის ერთადერთი ბარიერი გვაქვს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს
რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა მას საქართველოსთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ერთადერთ ბარიერი - ოკუპაცია არსებობს.
„რუსეთთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობის ერთადერთი ბარიერი გვაქვს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს. გზა არის მხოლოდ დიალოგი. ეს დიალოგი ამ გამოცდილების ფონზეც [ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა], რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს გამჭვირვალე. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ყველასთან მიმართებაში. როგორც ევროკავშირთან და ბრიუსელთან ურთიერთობაში ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ჩვენს ხალხს ვეუბნებით, რასთან გვაქვს საქმე, რას ითხოვენ ჩვენგან, რას არ ვთანხმდებით. მაგალითად, ჩვენს ხალხს ვეუბნებით, მაგალითად, ევროკავშირი გვთხოვს, რომ მის მიერ დანიშნულმა ადამიანებმა უნდა დაგვინიშნონ აქ მოსამართლეები. ამას საჯაროდ ვამბობთ, რომ ხალხმა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე.
აქაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა [ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრებში], ხალხმა იცოდეს, რომ ღვინოსთან მიმართებით რეალური პრეტენზია არ არსებობს. რუსეთის ფედერაციას ის რომ აწუხებდეს, რომ რომელიღაც ქვეყანა თუ კომპანია უკრაინას ეხმარება ან რიტორიკა აქვს, ევროკავშირიდან ღვინისა და ალკოჰოლის იმპორტი იქნებოდა ნული, მაშინ, როცა ახლა არის საქართველოზე შვიდჯერ მეტი”, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.



