ჯანდაცვის სამინისტრო: პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი - სიახლის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ წარმოადგინა.
აღნიშნული ცვლილებით უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
ცვლილება პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.



