ირაკლი ქადაგიშვილი: დაგვისახელონ, ვინ არის „თვითნებურად დაპატიმრებული“. ამას ვერ ამბობენ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართან
როცა ვამბობთ, რომ ერთი პირი დაგვისახელონ, რომელიც არის თვითნებურად დაპატიმრებული, რომელსაც სრულყოფილი სასამართლო პროცესი არ გაუვლია, ვერაფერს ამბობენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცილისწამება უწოდა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ. მისი თქმით, ევროკავშირი ბრალდების დასადასტურებლად ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ევროკავშირს დაკავებულთა ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვა.



