ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია, ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას

ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია, ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას

მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში. მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, აქციაზე როგორც კი უფრო მეტი ადამიანი იქნება, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალი იქნება.

„ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზეც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. ცვლილება არის აქ – ჰაერში. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.

ჩვენ შეიძლება, ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმა, რომელმაც დღეს დაწერა – გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო. მე აქედან მინდა, ვუთხრა – არასდროს არ მიგატოვებთ არცერთს, ვინც ციხეში ხართ, არცერთს. ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს, თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენ სამშობლოს მთავარი ბურჯები, თქვენ აქ დგახართ, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ. ჩვენ შეიძლება, გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის მაგალითად.

ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრზალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა, საქართველო ქრისტიანულ, ეროვნულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ვერ დაგვიდგება წინ. საქართველო ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.