მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

„აღინიშნა, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება და მზადაა, შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადებს.

ადგილზე ასევე საუბარი შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებსა და მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების საკითხებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო. მანვე ადგილზე ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8 000 მ²-ს დაახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო, ასევე ადმინისტრაციულ ზონებს – სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, ჯამში, 22-25 პროცენტამდე გაზრდის.

2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც, 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, 29 პროცენტით მეტია. 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული რეისების რაოდენობა რვა პროცენტით გაიზარდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ესწრებოდა.