"აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები" - პარლამენტში გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს
საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში - გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ 44 აუდიტზე, გამოწვევებზე და აღმოჩენილ პრობლემებზე. დარბაზში დაისვა კითხვებიც.
"2025 წელს 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.