საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა კიდევ ერთი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას უფლებებს იცავდა.
ამ საქმეზე, "ლელოს" ლიდერების გარდა, ყველა ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.
"სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების თაობაზე მოსამართლე მახარობლიძემ. პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ, ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც მინდოდა, როგორც მის ადვოკატს, პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა, მაშინ როდესაც პირდაპირი ვალდებულებაა ერთის მხრივ, სასამართლოსი და მეორეს მხრივ პირდაპირ კანონით გათვალისწინებული უფლებაა ადვოკატის, რომ თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონია ადგილი, არც სასამართლო სხდომის ჩატარებისთვის ხელშეშლას,“ - აცხადებს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, ანა ხუბეჯაშვილმა.
"ბრალდებულთა მოქმედების შემდგომ, ხდებოდა ისე, რომ აქციის მონაწილეები ესროდნენ პოლიციის თანამშრომლებს სხვადასხვა ნივთს, ქვებს, ადგილზე არსებულ პიროტექნიკას, რკინის საგნებს და სხვა ნივთებს, რომლებიც იწვევდა მათ დაზიანებას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბრალდების მხარე თუ დაცვის მხარე, არ ემორჩილება მოსამართლის გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე მიუთითებს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ნუ ეკამათება სასამართლოს თავმჯდომარეს და ეს გრძელდება ამ ფორმით და ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესზე წესრიგის დარღვევა და ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სხდომაზე ნამდვილად განხორციელდა,“ - აცხადებს პროკურორი, ანა ხუბეჯაშვილი.