თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება

„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დაწყების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ იოსელიანის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ზოგადად, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და რეგიონის ჭრილში საქართველოს პოზიციების გამყარებისთვის, რადგანაც ზუსტად ეს საზღვაო ნავსადგური მოემსახურება მინერალურ სასუქებს, რომელიც წარმოებულია როგორც შუა აზიაში, ასევე რეგიონის ქვეყნებში და რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ის 50-მილიონიანი მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ წლების განმავლობაში ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განახორციელა. თამარ იოსელიანის თქმით, პირველ ფაზაში ჯამურმა ინვესტიციამ 93 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ჩვენ დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარების ახალი ეტაპის - მეორე ფაზის მომსწრენი ვართ, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ქართულ კომპანია „პეის გრუპთან“ ერთად პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო და, ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხრიდან ეს რეგიონში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რაც ჩვენი სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.