ირაკლი კობახიძე: დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში, ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში, ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში, გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში გაშენდა 5 ახალი კენკროვანი ბაღი ციხეებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
„ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 919 მსჯავრდებული ჩაერთო. წელს, მაისის მდგომარეობით, განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 725 მსჯავრდებული ჩაერთო.
ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდებოდა სპორტული ფესტივალები, ასეთი ფესტივალი ჩატარდა 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წელს. ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.