კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა

კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამისი მომსახურება გაეწევათ.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს.

„წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.