ირაკლი კობახიძე: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გაზის მიღების ორი ძირითადი წყარო აქვს - აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა მთავარი წყარო არის აზერბაიჯანი და აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს, რომ გაზის ძირითად შემომტანად რჩება აზერბაიჯანი.
„ეს ხელშეკრულებები ეხება გარანტიებს მოცულობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს ფასებთან დაკავშირებით. არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს 40%-ით გაიზარდა „გაზპრომის“ წილი. ამის მესამედითაც არ გაზრდილა წილი, ეს შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით. რაც შეეხება იმას, თუ რას მოვაწერეთ ხელი აზერბაიჯანთან, არის ეს ახალი ხელშეკრულება, თუ გაგრძელება - ალბათ კითხვა ეხებოდა იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ფორმალურად ეს არის ახალი ხელშეკრულება, თუმცა არის რეალურად იმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელება და არსებითად ანალოგიური პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე იყო დადებული. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვიღაცები გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მოიაზრებს თუ არა ეს ხელშეკრულებები ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის დათმობას - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.