ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნის საკითხზე, ასევე რიგ პროფესიებში კადრების სიჭარბისა და დეფიციტის გამოწვევებზე.
მინისტრის მოადგილემ „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების პროცესი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ინიციატივა სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.
საკოორდინაციო საბჭოს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ფოკუსირებული შეფასების შედეგები, შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და ცენტრის განვითარების პრიორიტეტები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, განათლების ხარისხისა და ინოვაციების კონსულტანტი, ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის საერთაშორისო ფონდის (FIBAA) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დიანა ფრეიბერგერი და მანჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ემერიტუსი, პროფესორი დევიდ გორდონი.