ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.

326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშნველოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.

მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700", ხოლო ჯვრის ქვემოთ - საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით - ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.

მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები „საქართველო 2026 GEORGIA“.

წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.