საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მინისტრის მოადგილე ვო ვან ჰუნგმა მოაწერეს.

„სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სექტორის განვითარების ხელშეწყობის ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, საქართველოსა და ვიეტნამს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების ორგანიზებას, ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და სტაჟიორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების წარმოების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვისა და სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ვო თი ანჰ სუანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა.

შეხვედრას, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი ლე ტჰან ვანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.