ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩს გაწეული საქმიანობისა და საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.