ყასიმ-ჟომართ თოყაევი: დღეს ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს
დღეს ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს ემსახურება და მყარ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს, ამავდროულად, შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი.
საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.