ელენე ხოშტარია: არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“ მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, აუტანელია ის, რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს.
ელენე ხოშტარიას ციხიდან მიმართვა „დროას“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს, რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ჩემ გამო ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. მართლა ძალიან მერიდება, რომ რაღაც ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან ადამიანები.
მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, მსხვერპლის როლში დამინახავს. არ არსებობს, ვერც თავიანთ მოგონილ კამერაში, ვერაფერში ვერ დამინახავენ. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან, აუტანელია ის, რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწაროთ ჩვენ. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია. შეხედეთ მეორე მხრიდან, რეების კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ და არაფერი არ გამოსდით. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემზე მართლა არ ინერვიულოთ. საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ – რაც უნდათ, ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს დამაკლებენ.
უდიდესი მადლობა მაკა იოსელიანს. ისე მერიდება ეგეც რომ შეაწუხეს და რაც მთავარია, სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა დათო ქაშიაშვილს, დღეს ის მიდის პროკურატურაში. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს იბარებენ პროკურატურაში. ეს დევნის ახალი ეტაპია. სრული მხარდაჭერა პირადად ქაშიკას, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, რომელიც ასევე მსხვერპლი იყო. ისინიც დგანან დღეს ბრძოლის წინა ხაზზე. ერთმანეთს ყველაფერში გვერდში უნდა დავუდგეთ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გვერდში დგომის. არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს დაგვაკლებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში ყველა კრიზისის დროს“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.