სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობს ნიუ იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაერო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციის, კავშირების გაძლიერების შესახებ.
მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაერო-ს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.
კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.