გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის დღე მიულოცა
საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და და წარმატებები უსურვა. ,,საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკისრებს უმნიშვნელოვანეს მისიას ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას. ეს მხოლოდ სამართლებრივი ჩანაწერი არ არის. ეს არის ნდობა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამ ნდობას ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი და ჩვენი მიზანიც ძლიერი, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა. სწორედ ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის და კეთილსინდისიერებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ხშირად საზოგადოებისთვის უხილავი შრომით, ქმნით სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს შედეგს“ - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა ღონისძიებაზე.
,,მე მინდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს თანამედროვე ინსტიტუცია, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმს, ინოვაციას, ცოდნასა და მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. მინდა, ჩვენი ანგარიშები ყოველთვის გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით, ჩვენი რეკომენდაციები რეალურად აუმჯობესებდეს სახელმწიფო მმართველობას. მინდა, საზოგადოება ჩვენში ხედავდეს არა მხოლოდ მაკონტროლებელ ორგანოს, არამედ პარტნიორს, რომელიც სახელმწიფოს უკეთ მუშაობაში ეხმარება. მინდა, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და იცოდეს, რომ მისი შრომა ფასდება. ძლიერი ინსტიტუცია იქმნება არა მხოლოდ კანონებით, არამედ ადამიანებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველაზე დიდი ძალა სწორედ ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები არიან“- აღნიშნა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა აუდიტორმა.
გიორგი გაბიტაშვილმა ღონისძიებაზე ასევე ისაუბრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურის გაზრდილ მანდატსა და საკანონმდებლო სიახლეებზე: ,,გასული წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა ჩვენი მანდატი და პასუხისმგებლობა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა. ასევე დაგვეკისრა პასუხისმგებლობა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტს, რაც გააძლიერებს ჩვენი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და მოგვცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანები გავხდეთ. ჩვენი სამსახურის სტატუსი და გაზრდილი მანდატი არ არის პრივილეგია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ კანონის, პროფესიული სტანდარტების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე. ეს თითოეულ ჩვენგანს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, და ამავე დროს მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ავამაღლოთ საზოგადოებრივი ნდობა, გავაძლიეროთ აუდიტის სამსახურის ავტორიტეტი და მისი როლი ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფოს მშენებლობაში“.
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა და შესაბამისი სიგელები გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 20 თანამშრომელს: ლია კარკალაია, სალომე ქიმერიძე, ქეთევან გიგილაშვილი, ნათელა შალიკაშვილი, დავით ქუბიაშვილი, ეთერ გვარამაძე, ნოდარ გაბედავა, ზვიად ვარშალომიძე, ირმა ხეცურიანი, ბარამ ონიანი, ვახტანგ პერტაია, გიორგი მურვანიძე, ანა ზავრაშვილი, ნიკოლოზ სხულუხია, თეკლა ონიანი, ირაკლი პეტრიაშვილი, ნინო შუბითიძე, ლიკა გეგეჭკორი, სალომე მანჯგალაძე, ლევან ლობილაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული დღე - 28 ივნისი - გენერალური აუდიტორის 2026 წლის 27 იანვრის ნორმატიული აქტით დაწესდა. ეს თარიღი დაკავშირებულია 1918 წლის 28 ივნისთან, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში შეიქმნა სახელმწიფო კონტროლიორის სამსახური, რომლის მისია 1918-1921 წლებში იყო კონტროლისა და ბალანსის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, საჯარო ანგარიშვალდებულებების დონის ამაღლება, კანონის უზენაესობის გაძლიერება და კორუფციის შემცირება.