ბათუმში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - "სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები"
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - "სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები".
შეხვედრას დასავლეთ საქართველოში სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გახსნა, სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სარკინიგზო დარგში უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვა. სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე განიხილეს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ხუთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ საკანონმდებლო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, 2027 წლის 1 იანვრიდან მოეთხოვებათ, მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლა. სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სპეციალისტის ფუნქციების, ვალდებულებების და სერტიფიცირების საკითხების თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.