თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა- დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ
„გუშინ უსაუბრია ცოტნე ივანიშვილს აგენტურაზე და „ქართველ“ აგენტებზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ის ზუსტი შეფასება, ზუსტი ალეგორია, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა და თითქოს ჩვენი ყველას სათქმელი თქვა“- ასე გამოეხმაურა სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, როდესაც მან ისაუბრა საქართველოში არსებულ იმ ძალებზე, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები და მისი თქმით, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს.
მოლაშვილი ეთანხმება ცოტნე ივანიშვილს და ამბობს, რომ „ამ ხალხმა სული მიჰყიდა სხვათა ინტერესის მსახურს. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს ხალხი, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები და ბოკერიები არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ.“
„დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ. უფრო სწორად, დაქირავებული კი არ არის, არამედ ამ ხალხმა სული მიჰყიდა სხვათა ინტერესის მსახურს. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს ხალხი, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები და ბოკერიები არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ და ვერც გააკეთებენ, რამეთუ მათი გაქირავებული გონება სხვა ძალას ემსახურება. დაახლოებით ისე ჩანს, რომ გათხოვილმა ქალბატონმა გაცნობის გაზეთში რომ განცხადება გამოაქვეყნოს და პარალელური ქმრის ძებნა დაიწყოს... არაჯანსაღი ხალხია, ქვეყნისთვის არაფრის მომტანი და რაც უფრო მალე და სწრაფად განეიტრალდებიან უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი „პოლიტიკოსები“, მით მალე დაისვენებს საქართველო“- განაცხადა მოლაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა და იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. თუ ვამბობთ, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია.“