თამაზ ბორაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშის წარდგენისას.
სუს-ის უფროსის თქმით, 2025 წელს ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების კუთხით. შედეგად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი.
„საანგარიშო წლის განმავლობაში, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულების გამოვლენა-აღკვეთის პარალელურად, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით;
ამ მიზნით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომლებშიც 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა;
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარკვეულწილად მეტყველებს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენაში. შედეგად, 2025 წელს შემოსული მამხილებელი შეტყობინებების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა“, - განაცხადა ბორაშვილმა.



