ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ვეტერანი მოჭიდავის, ტარიელ ალიბეგაშვილის, სახელობის ღია ტურნირს უმასპინძლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
ჩემპიონატის გახსნისა და დაჯილდოების ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღია ტურნირი ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 350-მდე უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ყაზბეგის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა. 64 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი ბექა ბუქურმა მოიპოვა, 35 კგ წონით კატეგორიაში II ადგილზე გავიდა თორნიკე კობიაშვილი, ხოლო 26 კგ წონით კატეგორიაში, III ადგილზე - გაბრიელ ავსაჯანიშვილი.
ფინალურ შეჯიბრებაში 18 წონით კატეგორიაში გამოვლენილი პრიზიორები და გამარჯვებულები ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის მიერ სიმბოლური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო ჩემპიონებს ადგილობრივი ბიზნესმენის, გოგი ალიბეგაშვილის, მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცათ.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თინათინ კორძაიასა და ზვიად ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლის "მთის შვილების" ქორეოგრაფიული ნომრით გაიხსნა.