ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება

საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში. კერძოდ, ცვლილებით დაზუსტდა დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას ამხანაგობის თავმჯდომარის სტატუსი და უფლებამოსილების ვადა. 

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში. ცვლილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომლის შესაბამისადაც სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, განკარგულების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები. 

ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების ნაწილში. კერძოდ, ცვლილების შედეგად ალ. პუშკინის ქუჩის მონაკვეთს, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე, შეეცვალა სტატუსი და ცალმხრივი მოძრაობის ნაცვლად მასზე დაწესდა ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი.

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „ფონდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს“ შორის 2019 წლის 11 თებერვალს დადებული ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 26 მაისის ქ. N106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ა(ა)იპ „ფონდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს“ გადაეცა 10 წლის ვადით, ხოლო სარგებლობის წლიურ საზღაურად განესაზღვრა სიმბოლური 300 ლარის ოდენობა.

ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის განკარგულებაში. კერძოდ, განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემული, ქალაქ ბათუმში, გიორგი ცაბაძის ქუჩა №11დ-ში (ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა №11დ) მდებარე მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ზონის ცვლილება - არსებული საწარმოო ზონა შეიცვალა სპეციალური საცხოვრებელი ზონით. ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია უნებართვო საცხოვრებელი სახლები და იქედან გამომდინარე, რომ მოცემული ტერიტორიის განვითარება დაევალა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, განხორციელდა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა, ტერიტორიაზე განთავსებული ბინების სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გადაცემის მიზნით.

საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. კერძოდ, აღინიშნა, რომ შპს „გორგ თაუერის“, მ. ა.-ს, შპს „ბიჩ ჰაუსის“, შპს „სილვერგეითის“, შპს „ნიუ ჰოუმ რეზიდენსის“, შპს „მეიქერს გრუპის“ და შპს „გრინ ლაიფ პროჯექთის“ წინადადებები და შესაბამისი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის“ მოთხოვნებს. შესაბამისად, საბჭომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ყოფილი კაფე ბარი „ტუპების“ ადგილას და მის უშუალო მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილ ტერიტორიაზე, ჯამში 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის (სკვერის) მოწყობა მიიჩნია მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად და განმცხადებელთა მოთხოვნაზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება. 

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ანგისის I შესახვევის №14-ში, № 20-ში, № 18-ში, № 16-ში, № 14ა-ში, № 12ა-ში, № 24-ში - დასახლება ანგისაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმა. გეგმის მიხედვით, შპს „რეალ პალას დეველოპმენტი“ წარმოდგენილ შვიდ ერთეულ მიწის ნაკვეთზე გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ავტომანქანების სადგომი ადგილების - დახურული მიწისქვეშა, დახურული მიწისზედა და ღია მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობას. ინიციატორს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის საკომპენსაციო სახედ განსაზღვრული აქვს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ე.წ. „შავ კარკასულ მდგომარეობაში“ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა ნამატი საანგარიშო ფართის 10%-ის ოდენობით, ან საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე.წ. „თეთრი კარკასული“ მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა, კანონმდებლობის შესაბამისად. 

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №20 დადგენილებაში. დადგენილების მიხედვით, თამარ მეფის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე დადგენილებით დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებების ინიციატორს წარმოადგენს თავად დამგეგმავი ორგანო - მუიციპალიტეტის მერია. ვინაიდან გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთის ნაწილზე დაგეგმილია მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობა და ამ მიწის ნაკვეთის განვითარება, დამგეგმავმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანა. შესაბამისად, გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის განვითარება განხორციელდება მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვის გზით.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც ქალაქ ბათუმში, კონსტიტუციის ქუჩა №4-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განსახორციელებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში იმავე ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლო ქონების სახით გადაცემას ითვალისწინებს. მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების სანაცვლოდ, მესაკუთრეს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართი არაუმეტეს 15 კვ.მ-ისა. შესაბამისად, კონსტიტუციის ქუჩა №4-ში, ერთ-ერთ მესაკუთრეს იმავე ადგილას ასაშენებელ შენობა-ნაგებობაში, გაზრდილი ფართი გადაეცემა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი და დამტკიცდა მისი პერსონალური შემადგენლობა (თავმჯდომარე, მოადგილე, წევრები და მდივანი). ასევე, განისაზღვრა დროებითი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების სამთვიანი ვადა, რაც წარმოადგენს გონივრულ ვადას საჭირო ფაქტობრივი გარემოებების შესასწავლად, კარტოგრაფიული მასალების დასამუშავებლად, მოსახლეობასთან კონსულტაციების ასახვისა და შესაბამისი შუამდგომლობის პროექტის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.