საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ბერლინში გამართულ ორ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ  ბერლინში გამართულ ორ  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ბერლინში გამართულ ორ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 15 ივნისს როგორც ბორდის წევრი მონაწილეობდა ENNHRI-ს ბორდის შეხვედრას, რომელსაც გერმანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა უმასპინძლა, ხოლო 16 ივნისს მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე გამართულ თემატურ ღონისძიებაში.

ENNHRI-ს ბორდის შეხვედრაზე, ბორდის წევრებმა და სამდივნომ იმსჯელეს ENNHRI-ს საქმიანობის ფარგლებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ახალი სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ქსელის მმართველობასა და უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებზე.

მომდევნო დღეს ბერლინში გაიმართა თემატური ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას მიეძღვნა. შეხვედრამ გააერთიანა ეროვნული ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების, ევროპის საბჭოს აღსრულების კოორდინატორთა ქსელის, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებები და აკადემიური წრეები.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობას, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების აუცილებელ წინაპირობას. დისკუსიებში აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება თავის მიზანს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც მას პრაქტიკული ცვლილებები მოჰყვება — დარღვევების აღმოფხვრა, შემდგომი დარღვევების პრევენცია და კანონმდებლობისა თუ პრაქტიკის გაუმჯობესება.

თამარ გვარამაძემ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელოვანი გამოცდილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში კომუნიკაციების წარდგენის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა ამ მექანიზმის როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი ცვლილებების ხელშეწყობის პროცესში.

ღონისძიებაზე ასევე იმსჯელეს ეროვნული ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლზე აღსრულების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ სისტემებს შორის კავშირის გაძლიერებაზე, მონიტორინგზე, რეკომენდაციების მომზადებასა და სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აღსრულების კოორდინატორებთან თანამშრომლობაზე.