მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილი ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ექსპერტები.
ახალი მეთოდური რესურსი შექმნილია ზღაპრის სტილში და წარმოადგენს ქაღალდის თეატრის „კამიშიბაის“ ფორმატის ორიგინალურ ვერსიას. მასში გამოყენებულია მულტიმოდალური თხრობის ფორმატი, ინტეგრირებულია „კამიშიბაის“ ტრადიციისთვის დამახასიათებელი ვიზუალური, ვერბალური და მუსიკალური კომპონენტები.
„კამიშიბაი“ ხელს უწყობს ადრეული წიგნიერების განვითარებას, ბავშვების კოგნიტური, ენობრივი და ემოციური განვითარების მხარდაჭერას, კითხვისადმი ინტერესის გაღრმავებასა და თხრობის კულტურის ჩამოყალიბებას.
ახალი რესურსის ინტეგრირება ტრენინგმოდულში „ამბის თხრობა ადრეული პედაგოგიკის განვითარებისთვის“ საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალს დაეხმარება ამბის სტრუქტურირების, ინტერაქციული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის, აუდიტორიის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
რესურსის გამოყენება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სკოლამდელი განათლების, არამედ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზეც.
სასწავლო რესურსის შექმნაზე მუშაობდნენ ტექსტის ავტორი — „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ კონსულტანტი თამარ თოლორაია, ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი, კომპოზიტორი თამარ ჟორდანია და მხატვარი ზაირა ბეჭვაია.