საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა.

სომხურმა მხარემ ქართულ დელეგაციას გააცნო უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ორგანიზაციული მოწყობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპოლიციო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ შესაბამისი დანაყოფების შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.