სპორტის მინისტრი "იბერია 1999-სა" და "ფლორას" შორის გამართულ მატჩს დაესწრო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს "იბერია 1999" და ესტონეთის "ფლორა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში "იბერია 1999-მა" სტუმრად "ფლორა" 3:2 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი ქართულმა გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 5:4 მოიპოვა და პირველი ეტაპი გადალახა.
მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, გენერალ ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ მუხრან შამათავასთან და საფეხბურთო კლუბ ,,იბერია 1999-ის” პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, დაესწრო.
განმეორებით შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ნიკოლოზ სიხარულაშვილის გოლით გაიხსნა. 36-ე წუთზე კი სიხარულაშვილმა მოწინააღმდეგის კარში დუბლი შეასრულა.
ესტონელებმა 69-ე წუთზე ტონი ვარიუნდის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 84-ე წუთზე კი "იბერია 1999-ის" კარში დანიშნული პენალტი რაინო საპინენმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
"იბერია 1999" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანს" 21 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.