„ტელეგრაფი“ – „იალტა 2.0“ აჩვენებს, რამდენად უსუსური გახდა ევროპა“

„ტელეგრაფი“ – „იალტა 2.0“ აჩვენებს, რამდენად უსუსური გახდა ევროპა“

„იალტა 2.0“ აჩვენებს, რამდენად უსუსური გახდა ევროპა“, – ​ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი სამიტის პარალელურად, ევროპა და დიდი ბრიტანეთი გლობალური პოლიტიკის მიღმა რჩებიან.

ავტორი წერს, რომ მსოფლიო 1945 წლის შემდეგ, შესაძლოა, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდის წინაშე დგას. შენჭენში შეხვედრის მთავარი თემები, უკრაინისა და ირანის ომებთან ერთად, ბირთვული განიარაღებაც იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი ბირთვული დარტყმებით იმუქრება, მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით არ ვითარდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კრემლს სურს, სამმხრივი მოლაპარაკებები „შთამბეჭდავ მოვლენად“ იქცეს, რომელიც გლობალურ დაძაბულობას განმუხტავს და მრავალპოლუსიანი სამყაროს წინ წაწევს, თუმცა, ავტორის შეფასებით, ეს პროცესი გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა, თუკი ის მხოლოდ რამდენიმე გავლენიანი მამაკაცის ვიწრო წრითა და მათი პირადი დღის წესრიგით არ შემოიფარგლებოდა.

როგორც სტატიის ავტორი განმარტავს, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ხანგრძლივი სავაჭრო დავის მოგვარებაა. ამასთან, ტრამპი იმედოვნებს, რომ გასულ წელს ალასკაში გამართული წარუმატებელი სამიტის შემდეგ პუტინთან პირველი პირისპირ შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას დააახლოებს. სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი კი, ორმხრივი ურთიერთობებისა და სამხედრო კავშირების, განსაკუთრებით კი თავდაცვის წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეეცდებიან.​

ავტორის თქმით, გლობალური სტაბილურობის მიღწევის შანსები გაცილებით დიდი იქნებოდა, თუკი პროცესში სხვა ძალებიც, მათ შორის ევროპული ქვეყნები ჩაერთვებოდნენ.

სტატიაში შენჭენის მოლაპარაკებები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამართულ იალტის კონფერენციას არის შედარებული. ავტორი ხაზს უსვამს, რომ იალტისგან განსხვავებით, სადაც ევროპას უინსტონ ჩერჩილის სახით დომინანტური როლი ჰქონდა, დღეს ევროპა საერთაშორისო პროცესების მიღმა რჩება.

მისივე შეფასებით, უკრაინისა და ირანის საკითხებზე ერთიანი პოზიციის არარსებობამ ევროპა მსოფლიო მოვლენების პერიფერიაზე გადაიყვანა, რის გამოც ევროპულ ქვეყნებს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხვედრაც კი უჭირთ.

ამ კონტექსტში ავტორი იხსენებს უკრაინის საკითხზე აშშ-ის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის ირონიულ კომენტარს. ჰენრი კისინჯერის ცნობილი გამონათქვამის მსგავსად, კუშნერმა აღნიშნა, რომ დიდი მიღწევა იქნებოდა, თუკი ევროპელები შეძლებდნენ, „გამოეკვეთათ ერთი ადამიანი, რომელიც მათი სახელით ისაუბრებდა“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მზადყოფნა გამოთქვა:​ „მე მზად ვარ, ეს სამუშაო შევასრულო“.

თუმცა, ავტორის ინფორმაციით, კალასს მყისიერად მიუჩინა ადგილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ. მისი განცხადებით, ევროპის ინტერესებს საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფი წარმოადგენს.​

ავტორის შეფასებით, კუშნერის ამგვარ მიდგომაზე ევროპის მხრიდან უფრო „აბსურდული“ პასუხის წარმოდგენა რთულია.​​

სტატიის ავტორი ასევე აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც შენჭენში გლობალური უსაფრთხოების საკითხები წყდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მეორეხარისხოვან საკითხებზეა კონცენტრირებული. მაგალითად, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

პარალელურად, იმავე კვირას, ბრიუსელში, რეგულაციების შეთანხმების ისეთ წვრილმან დეტალებს განიხილავენ, რომ მინისტრებს ამომრჩევლების დარწმუნება უწევთ, რომ ეს რეგულაციები ბრიტანელებს მათთვის საყვარელი „შებოლილი ბეკონის ჩიფსების“ აკრძალვას არ გამოიწვევს.

ავტორის დასკვნით, ვიდრე ბრიტანელი და სხვა ევროპელი ლიდერები მსგავსი წვრილმანი და ვიწრო საკითხების განხილვას არ გასცდებიან, მათ მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე მნიშვნელოვანი როლი არ ექნებათ.