ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერის ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის ინფორმაციით, საპროცესო გარიგების გათვალისწინებით, ნანა სანდერმა საპატიმრო 2 კვირის ვადაში უნდა დატოვოს.
„მოგვივიდა პირობა, რომ 1 წელს და 1 თვეში ნანა სანდერი დატოვებდა საპატიმრო დაწესებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2 კვირის ვადაში ნანა სანდერმა უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოში მოხდება განხილვა“, - განაცხადა ადვოკატმა.
„ნანა სანდერმა დღევანდელ პროცესზეც დაადასტურა, რომ აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შესაბამისად, მხარეებმა მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას, რაც წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.