დიმიტრი ცქიტიშვილი: არც ველოდები, რომ ხვალინდელი აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 2 წლის წინ იყო
„საქართველოში ვერ გატეხეს ის განწყობები, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დემოკრატიული, ევროპული მომავალი“- განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემაში „დღის ამბები ანა წერეთელთან ერთად“.
პოლიტიკოსი ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, არ ელის, რომ ხვალინდელი აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 2 წლის წინ იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხალხი გადაღლილია, შეიძლება აქციები ისეთი მასშტაბური აღარ არის და არც ველოდები, რომ ხვალინდელი აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 2 წლის წინ იყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ განწყობები შეცვლილი არ არის. განწყობები ნეგატიური ქვეყანაში არის დარჩენილი იმიტომ, რომ საზოგადოება არ თანხმდება იმას, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველო დამკვიდრდეს, როგორც ანტიევროპული ქვეყანა“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.



