ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვე ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასა და საერთო მიზნების ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო განამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი თემატური შედეგები და გამოკვეთილი სამომავლო პრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში პრაქტიკული შედეგებით მათ განმტკიცებას“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა ილაპარაკა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურების, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენ რუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანთან.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.