უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წლის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წლის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

საქმე მამაკაცის მობილური ტელეფონის სავარაუდო მითვისებასა და მდინარე დუნაიში გადაგდებას ეხება.

მადიარის განცხადებით, ის ოთხშაბათს, წინასწარ შეთანხმებულ დროს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, მოკლე ჩვენება მისცა და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი უარყო.

„დღეს საღამოს, წინასწარ შეთანხმებულ დროს მთავარი პროკურატურის ცენტრალურ საგამოძიებო ოფისში გამომკითხეს 2024 წლის 21 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მოკლე განცხადება გავაკეთე და დანაშაული, რომლის ჩადენასაც მაბრალებენ, არ ვაღიარე“, - დაწერა მადიარმა Facebook-ზე.

მან თავის პოსტს მოკლე კომენტარიც დაურთო: „საქმეს ვუბრუნდები“.

მადიარის გამოკითხვა უნგრეთის პარლამენტის მიერ მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერებიდან მალევე გაიმართა. 28 სექტემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მადიარს იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილება პროკურორის მოადგილის იშტვან ლაიტარის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, წერს მედია.

აღსანიშნავია, რომ იმუნიტეტის მოხსნას თავად მადიარიც ითხოვდა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, საუბარია 2024 წლის 21 ივნისს მომხდარ ინციდენტზე. იმ დროს მადიარი ბუდაპეშტის ღამის კლუბ Ötkert-ში იმყოფებოდა. პროკურატურის ვერსიით, მადიარმა მობილური ტელეფონი გასტაცა მამაკაცს, რომელიც მას ვიდეოს უღებდა. უწყების ინფორმაციით, მადიარმა ტელეფონით კლუბი დატოვა და შემდეგ ის განზრახ მდინარე დუნაიში გადააგდო.

პროკურატურამ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მადიარის ქმედება შესაძლოა ქურდობის სამართლებრივ განმარტებას აკმაყოფილებდეს.