საქსტატი – 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარი ზარალის ანაზღაურება – 764 მლნ ლარით განისაზღვრა

საქსტატი – 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარი ზარალის ანაზღაურება – 764 მლნ ლარით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 13.8 მლრდ ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 80.3%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3.1 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.9 მლრდ. ლარი შეადგინა. 2025 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6 პროცენტი ქალი იყო.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 42.0% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 29.3%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 763.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.0% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 26.7%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.