სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.

ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:

  • ხილ-ბოსტნეული;
  • რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
  • ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
  • მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.

კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:

  • მძიმე მეტალები;
  • ნიტრატები;
  • მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).