არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების მხარდამჭერი განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს წარუდგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული განცხადებები და სხვა ფაქტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მტკიცებულებების სახით წარუდგინა.
გორდულაძემ წაიკითხა 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლებიც არჩევნების ბოიკოტის, მისი ჩაშლის და ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებებს შეიცავდა.
„2025 წლის 15 ივნისი, პაატა ბურჭულაძე საჯარო მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ 4 ოქტომბერს და ჩვენ ჩავატარებთ ჩვენს ყრილობას, მაგრამ თუ ქართულმა ოცნებამ გადააკეთა რიცხვი უკვე 11-ში ან რაღაც სხვა რიცხვში, ავტომატურად ჩვენი ყრილობაც გადაიწევს. ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ის ხელიდან და დავიბრუნოთ ის თავისუფალი და ლაღი საქართველო, რომლის დანახვაც და შექმნაც ჩვენ გვინდა.
2025 წლის 22 ივნისი, ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ, კითხვაზე რა დახვდება იქ გასულ ადამიანს 4 ოქტომბერს: „ცოტა ისეთი კითხვაა, იცით, რომ „მერე იმ დღეს რა მოხდება?“ ეგ არ მგონია მართლა რელევანტური იმიტომ, რომ რაღაც დროს მოსახდენი მოხდება. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოხდეს. როგორ უნდა მოხდეს, მათ შორის? მე სულ ვამბობ, რომ მშვიდობიანი რევოლუციური სცენარი, დამხობა − მერე გაგიჟდებიან, ამას პოსტვ მოჭრის, შალვა რამიშვილი დაიწყებს ლაპარაკს − დამხობა. დამხობა რას ნიშნავს, იცით? ბიძინა ივანიშვილი ხალხის ძალით უნდა გაიქცეს და ჩამოიშალოს უნდა ხელისუფლება და ამ ქვეყანაში დაინიშნოს მართლა დემოკრატიული არჩევნები. ეს არის სიტყვასიტყვით. ცოტა შეიძლება აგრესიულად გამოიყურება ეს სიტყვა „დამხობა“, მაგრამ საჭიროა. ჯერ თუ ახლა სიტყვებით ვერ დავამარცხეთ ბიძინა ივანიშვილი და გვაბულინგეს, რომ „მაგ სიტყვის თქმა როგორ შეიძლება?!“ კი, ივანიშვილი მის პირობებში არჩევნებს არ ჩაატარებს, ეს გვითხრა, როცა ვინ გაუხარდება, იმას დაიჭერს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მაგალითად, 4-ში, მე ასე ვფიქრობ, 4-ში, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, რომ დავიწყოთ და დავამთავროთ. შეიძლება ვერ დავამთავროთ − თქვენ მეტყვით, რომ „როგორ უნდა დავამთავროთ?“ − ვერ დავამთავრებთ, 8-ში დავამთავროთ. არ შეიძლება დაღლა და არ შეიძლება ხელების ჩამოშვება. ასეთი რეჟიმები მარტივად არ მთავრდება.“
2025 წლის 30 ივნისი, 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ფედერალისტური პარტიის“) ერთობლივი საჯარო განცხადებაა, უარს ვამბობთ ე. წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით დავაჩქაროთ სისტემის დასასრული. - ეს ხდება 4 ოქტომბრამდე, ამავდროულად, 2025 წლის 17 ივლისი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს: „ჩვენ 4-ში უნდა დავამხოთ, 4 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია. მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, ეგენი გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა.“
2025 წლის 24 ივლისი, ლევან ხაბეიშვილი მიმართვას ავრცელებს: „მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის გარშემო გავერთიანდეთ და მე მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით გდდ-ს თანამშრომლებს: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ − 200 000 დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდო, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. დაიმახსოვრეთ, 200 000 დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს არ ისვრის, იმას, რა ჰქვია, გაზის იმას. გადააგდეთ ეგ გაზის იარაღი. 200 000 დოლარს სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა კანტორა, იქნებით 50, 50-ვეს. საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო.“ ამასთან დაკავშირებით ბრალი აქვს წარდგენილი ბატონ ლევან ხაბეიშვილს და ამასაც მოგახსენებთ.
2025 წლის 25 ივლისი, მიხეილ სააკაშვილი: „მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავცეთ ფულადი ჯილდო თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, და ასევე მათ ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.
2025 წლის 20 აგვისტო, ლევან ხაბეიშვილი კვლავ: ,,გავიგეთ, რომ „ბოიკოტში“ ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი − აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!" - მიმართავდა პროტესტში ჩართულ ყველა პირს.
2025 წლის 30 სექტემბერი, ზვიად კუპრავა, მუნიციპალიტეტის ორგანოების 2021 წლის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრი: „ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის, მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი, ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან 1 სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა."
ბატონო მოსამართლეებო, ეს 500 და 3000 არის საარჩევნო უბნების რაოდენობა. აღნიშნულ ფაქტზე, კერძოდ, არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტზე 2025 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა. დაკავებისას მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) და 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ). 2026 წლის 29 ივნისს ზვიად კუპრავა ცნობილ იქნა დამნაშავედ," - განაცხადა გორდულაძემ.
მან ასევე გაიხსენა 4 ოქტომბრის შემდეგ ანა წითლიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველა პროცესში ჩართული იყო და მომავალშიც იმავეს გააკეთებს. გარდა ამისა, გორდულაძემ წაიკითხა ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებები, რომლებმაც ბურჭულაძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება ხალხის რისხვას ნახავდა.
„2025 წლის 7 ოქტომბერი - 4 ოქტომბრის შემდეგ, ანა წითლიძე საუბრობს: „დღეს მეკითხებოდნენ, რომ 4 ოქტომბერი რა იყოო? 4 ოქტომბერი ბრძოლის და წინააღმდეგობის დღე იყო რეჟიმთან. რაღაც არ გამოვიდა, არა უშავს, კიდევ ბევრჯერ ვცდით და ვიქნებით ამ ბრძოლაში და აუცილებლად გამოვა. ზუსტად ასე იყვნენ ჩვენი წინაპრები მთელ ამ ბრძოლაში, რითაც მოიტანეს საერთოდ ამ ქვეყნის თავისუფლება და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასევე ამ პროპაგანდისტულ არხებს მინდა, ვუპასუხო, რომლებიც დღეს მიკროფონით დამადგენ და ეგონათ, რომ თუ მკითხავდნენ, რომ თქვენ ხართ, იყავით ორგანიზატორი ამ ყველაფრის? − მე ვუპასუხებდი, რომ იცი რა არის, მე ამ ყველაფრის ორგანიზატორი არა, ახლა არა ვარ; გავიმეორებ იმავეს, რომ მე ვიყავი ჩართული ყველა პროცესში აბსოლუტურად; კი ბატონო, თუ გინდათ ასე იყოს, რომ ვიყავი, მათ შორის, ორგანიზატორი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს დღე გამოსულიყო და შემდგარიყო, რომ რაც ვერ გავაკეთე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ამას ვნანობ მხოლოდ. კიდევ იგივე პროცესი ნებისმიერმა ადამიანმა რომ დაიწყოს, იმავეს ვიზამ, იმავეს ჩავერთვები იმიტომ, რომ ერთადერთი ვალდებულება, მე რაც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, საკუთარ თავთან, ეს არის ის, რომ ვიბრძოლო არალეგიტიმური რეჟიმის, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომაც ყოველთვის ვიზამ იმავეს და მაგით ვერ დამაკომპლექსებთ ნამდვილად.“
2025 წლის 7 სექტემბერი, ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას, 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ რუსთაველის გამზირზე. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს და გავმართოთ გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არის პარტიის ოფიციალური პოზიცია 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც პარტიის პოზიციასთან მიმართებაში შეიძლება დამდგარიყო დღემდე, პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებამ ერთიანი და მტკიცე გადაწყვეტილების სახე მისცა.“
2025 წლის 12 სექტემბერი, პეტრე ცისკარიშვილი: „4 ოქტომბრის გეგმებს რაც შეეხება, ამით არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის [ხაბეიშვილი] იზოლირებით იმ მუხტს და ტალღას ჩააქრობდა, რომელიც 4 ოქტომბრისთვის იგეგმება და იმ ბრაზს გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, დარწმუნებული ვარ, პირიქით მოხდება. ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ასობით და ათასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ქართველი ხალხის რისხვას ნახავენ.“ - აღნიშნა გორდულაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების სასამართლოსთვის წარდგენისას.
მან ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას" ლიდერების, ნიკა გვარამიას და თენგიზ თევზაძის ფეისბუქპოსტებიც გაიხსენა, რომელთაგან ერთი რევოლუციას აანონსებდა, ხოლო, მეორე 4 ოქტომბერს რუსთაველზე გასვლისკენ და არჩევნებში არმონაწილეობისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.
„2025 წლის 1 ივლისის ნიკა გვარამია წერდა: ,,ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: „მოდის, რევოლუცია მოდის“. ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით. არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას. ოლიგარქია უნდა დაემხოს!“
2025 წლის 3 ოქტომბერი, თენგიზ თევზაძე: „ხვალ, 4-ში რუსთაველზე − არ გახდე ღალატის თანამონაწილე და არ წახვიდე არჩევნებზე! ხვალ, რუსთაველზე პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის სრული შემადგენლობით ვიქნებით.“
2025 წლის 4 ოქტომბერი, საპროტესტო აქციის მიმართ თენგიზ თევზაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტი და ვიდეომასალაც არის გამოქვეყნებული სათაურით „საქართველო გაიმარჯვებს“ და აქციის
კადრებს ავრცელებს. ზუსტად იმავეს აკეთებს პოლიტიკური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - ეს უკვე მათი ოფიციალური ფეისბუქის პოსტი არის, სათაურით - „ბოლომდე““,- განაცხადა გორდულაძემ.



