სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2026 წელს 35,8 მილიონი ლარით იზრდება და 361,1 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის თქმით, სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება: სპორტული ფედერაციებისთვის, წლის განმავლობაში გამოვლენილი საჭიროებებისთვის - დამატებით 10,9 მილიონი ლარი, ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯებისათვის - 4,0 მილიონი ლარი, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით - დამატებით 10,4 მილიონი ლარი, მომდევნო წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, ასევე, სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად - 10,5 მილიონი ლარი.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სპორტის კომიტეტის წევრებს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები გააცნო. მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, საშემოსავლო და საგადასახადო მონაცემებზე, ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული ფინანსური რესურსის სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებზე გადანაწილების გეგმა წარადგინა.
გიორგი კაკაურიძემ სპორტის კომიტეტს ასევე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა გააცნო, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს დაედო საფუძვლად.
კომიტეტის წევრებმა სპორტის სამინისტროს დამატებითი დაფინანსების საკითხი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სპორტის მიმართულების პრიორიტეტულობა სახელმწიფო ბიუჯეტშიც აისახება, რასაც კომიტეტი მხარს უჭერს.
„ქვეყანაში ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. სპორტის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და შედეგებიც შესაბამისია. საქართველოში მაღალი დონის სპორტული შეჯიბრებები და ტურნირები ტარდება - საუბარია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საერთაშორისო ფედერაციების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ნდობა არსებობს“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა.



