საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810,0 მილიონი ლარით იზრდება და 27 850,0 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 23 890,0 მილიონი ლარია (იზრდება 690,0 მილიონი ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 960,0 მილიონი ლარია (იზრდება 120,0 მილიონი ლარით).

მისი თქმით, გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად 3 008,0 მილიონ ლარს შეადგენს (იზრდება 326,7 მილიონი ლარით), არაფინანსური აქტივების (პრივატიზაცია) კლების მაჩვენებელი 130,0 მილიონი ლარით იზრდება და 480,0 მილიონ ლარს შეადგენს, ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი 450,0 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 4 285,9 მილიონი ლარია (მცირდება 777,2 მილიონი ლარით).

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 437,5 მილიონი ლარით იზრდება და 35 993,0 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 877,0 მილიონი ლარით იზრდება და 25 873,3 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საგადასახადო შემოსავლები 690,0 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი იზრდება 69,0 მილიონი ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 270,0 მილიონი ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადი - 256,0 მილიონი ლარით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 85,0 მილიონი ლარით და იმპორტის გადასახადი - 10,0 მილიონი ლარით.

მისივე თქმით, სხვა შემოსავლები 230,0 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები 43,0 მილიონი ლარით არის შემცირებული.

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მილიონი ლარით იზრდება და 31 362,7 მილიონ ლარს შეადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კანონპროექტის განხილვის შემდეგ, ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები მოისმინა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარადგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა.