ალექსანდრ სირსკი – 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპი, სულ მცირე, ორჯერ შემცირდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში მოწინააღდმეგის საშუალო თვიური დანაკარგი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, დაახლოებით 32 000 სამხედროს შეადგენს.
„მოწინააღმდეგე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას ცდილობდა, თუმცა, დასახული მიზნებიდან ვერც ერთს ვერ მიაღწია. ადრე რუსეთის არმია აქტიურ შეტევით მოქმედებებს 13 მიმართულებაზე თუ აწარმოებდა, ახლა ასეთი მიმართულებები მაქსიმუმ 6-7-ია“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული ძალები თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ, პარალელურად კი ცალკეულ მიმართულებებზე აქტიურ მოქმედებებს აწარმოებენ და ოპერატიულ ინიციატივას ინარჩუნებენ.
„ამჟამად ჩვენი შეტევითი მოქმედებებისა და მოწინააღმდეგის მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40/60-ია. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების წყალობით 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპი, სულ მცირე, ორჯერ შემცირდა. შენარჩუნებულია სტაბილური ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების მოცულობა იზრდება იმ მონაკვეთებთან შედარებით, სადაც მოწინააღმდეგე წინსვლას მაინც ახერხებს“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მისივე ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების წყალობით, რუსეთის ტერიტორიაზე 697 სამიზნე განადგურდა, ხოლო მოწინააღმდეგისთვის მიყენებული პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური ზარალი, სულ მცირე, 6,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, დაზიანებულია 7 028 ობიექტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების როტაცია ყოველ 60 დღეში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
„ეს ჩვენი სამხედროების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საბრძოლო მზადყოფნისა და ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულების საკითხია“, – განაცხადა სირსკიმ.