ეროვნული ბანკი – 2026 წლის მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 385 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 120 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი – 2026 წლის მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 385 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 120 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით, ანუ 0.69%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 384.91 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 119.54 მლნ ლარით, ანუ 0.39%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მაისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.02 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.23%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.20 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.19%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მაისის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 435.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 38.68 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.64% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.13 პროცენტული პუნქტით.