მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება
სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. საბედნიეროდ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის მოდიფიკაცია გავუკეთოთ იმ პირველად გეგმას, რომელიც ანაკლიის განვითარებაზე გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყოველ თვე მზარდია ტვირთბრუნვა, რამაც გაზარდა „შუა დერეფნის“ როლი და ამ მიმართულებით ანაკლიის პორტის სწრაფი განვითარების საჭიროება.
„საიდან წარმოიქმნა ახალი ოპერირების იდეა?! - პირველი, მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის გლობალური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული მაღალი ინტერესი „შუა დერეფნის“ კონტექსტში“. მეორე, ჩვენ ვხედავთ რომ ფაქტობრივად ყოველ თვე მზარდია ტვირთნაკადის დინამიკა „შუა დერეფანში“, რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს 21%-ით არის გაზრდილი ტვირთნაკადი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ს გადააჭარბა. გაზრდილია ტვირთნაკადი ჩვენი ქვეყნის ყველა პორტში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თავად სტრუქტურა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შეცვლილია. შეცვლილია იმდენად, რამდენადაც ქვეყნები დღეს ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ვიდრე შეიძლება ეს ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ. თითოეულ ჩვენგანს გვესმის ცალსახად, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შუა დერეფანზე“, „შუა დერეფანი“ არ აირის ერთი ცალკეული ქვეყანა. ეს არის სინქრონში ჰარმონიული თანამშრომლობა, რომელიც ისახება საერთო სატარიფო პოლიტიკაში, საერთო საოპერაციო პოლიტიკაში და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო არის თანმიმდევრული და ეს აისახება როგორც რკინიგზის მოდერნიზებაში, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებაში.
„ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.