ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა: „გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეს არის დღე, რომელიც ცოდნის, შრომის, პასუხისმგებლობისა და მომავლისკენ გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯის სიმბოლოა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში თითოეულ თქვენგანს წარმატებას, სიმშვიდესა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას გისურვებთ.
განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია. სწორედ განათლებული, მიზანდასახული და პროფესიონალი ახალგაზრდები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენს ზუგდიდს კი განსაკუთრებით სჭირდება ახალი თაობა, რომელიც საკუთარი ცოდნით, შრომითა და ინოვაციური ხედვებით ჩვენი რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ზუგდიდი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება განათლებული, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდების ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა და წარმატების სათავეში იქნება.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება.
წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! დარწმუნებული ვარ, თქვენი მონდომება და შრომა ამ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებით დასრულდება“, - განაცხადა დავით კოდუამ.